ავიაკომპანია Geosky აგრძელებს საერთაშორისო ოპერირების ქსელის გაფართოებას და დაიწყო რეგულარული სატვირთო ფრენები ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით, საქართველოს გავლით — კოპენჰაგენში.
ფრენები სრულდება ბოინგ 767-300-ის ტიპის სატვირთო საჰაერო ხომალდებით და უზრუნველყოფს სწრაფ და ეფექტურ ლოგისტიკურ კავშირს აზიასა და ჩრდილოეთ ევროპას შორის. საქართველოს გავლით ფრენების შესრულება, კი ტრანზიტული ჰაბის პრინციპით კიდევ უფრო აძლიერებს ქვეყნის როლს რეგიონულ სატრანსპორტო ქსელში.
კოპენჰაგენი წარმოადგენს მნიშვნელოვან ლოგისტიკურ კვანძს სკანდინავიის ბაზრისთვის, რაც ზრდის მაღალი ღირებულების ტვირთებისა და ელექტრონული კომერციის პროდუქციის სწრაფი და საიმედო ტრანსპორტირების შესაძლებლობებს.
აღნიშნული მიმართულებით სატვირთო ფრენების დამატება Geosky-ს ოპერირებაში წარმოადგენს ავიაკომპანიის განვითარების მნიშვნელოვან ეტაპს და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის სტრატეგიულ მიზანს — უზრუნველყოს მოქნილი და მაღალი სტანდარტის საჰაერო სატვირთო მომსახურება გლობალურ ბაზარზე.
შეგახსენებთ, რომ ავიაკომპანიამ 2026 წლის აპრილის თვეში, რიგით მეორე ახალი მიმართულებით დაიწყო სატვირთო ფრენების შესრულება. Geosky-ს დაფუძნების დღიდან, დღემდე 66 ქვეყნის მიმართულებით აქვს სატვირთო რეგულარული ფრენები შესრულებული.