ქართული ავიაკომპანია Geosky აგრძელებს ოპერაციული და უსაფრთხოების სტანდარტების განვითარებას და ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს. ავიაკომპანია არის პირველი საქართველოში, რომელმაც საფრენოსნო პრაქტიკაში Evidence-Based Training (EBT), მფრინავთა მომზადების თანამედროვე, მონაცემებზე დაფუძნებული სისტემის დანერგვა დაიწყო. აღნიშნული სისტემა საერთაშორისო ავიაციის ინდუსტრიაში მხარდაჭერილია ისეთი ორგანიზაციების მიერ, როგორიცაა საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაცია (ICAO) და საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაცია (IATA).
EBT წარმოადგენს ფუნდამენტურ ცვლილებას ტრადიციულ სასწავლო მოდელებთან მიმართებაში. თუ აქამდე მფრინავთა ტრენინგი ძირითადად სტანდარტიზებულ სცენარებსა და პრინციპზე იყო დაფუძნებული, ახალი მიდგომა ორიენტირებულია მფრინავის განვითარებაზე, ინდივიდუალურ პროგრესსა და რეალურ ოპერაციულ გარემოში ეფექტურ მოქმედებაზე.
სისტემის საფუძველს წარმოადგენს ავიაციის ინდუსტრიიდან შეგროვებული მონაცემების ანალიზი — ინციდენტები, ოპერაციული შეცდომები და ფრენის პროცესში დაფიქსირებული გამოწვევები. აღნიშნული მიდგომა უზრუნველყოფს, რომ მფრინავთა მომზადება მაქსიმალურად რეალისტური და მიზნობრივი იყოს, რაც პირდაპირ ზრდის ფრენის უსაფრთხოების ხარისხს.
ავიაკომპანია Geosky-ის განცხადებით:
„ჩვენთვის უსაფრთხოება არის უმთავრესი პრიორიტეტი. Evidence-Based Training-ის დანერგვა წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს, რომელიც სრულად ასახავს თანამედროვე ავიაციის მოთხოვნებს. აღნიშნული სისტემა გვაძლევს შესაძლებლობას, მფრინავთა მომზადება დავაფუძნოთ რეალურ მონაცემებსა და პრაქტიკულ გამოცდილებაზე, რაც საბოლოოდ უზრუნველყოფს კიდევ უფრო მაღალ უსაფრთხოების სტანდარტს. ჩვენ ვამაყობთ, რომ ვართ პირველი ქართული ავიაკომპანია, რომელმაც დაიწყო ამ სისტემის დანერგვა. უსაფრთხოების ზრდა მიიღწევა არა ერთჯერადი ინიციატივით, არამედ სისტემური და მუდმივი განვითარების გზით და ამით კიდევ ერთხელ ვადასტურებთ Geosky-ს ოპერირების პასუხისმგებლობის უმაღლეს სტანდარტს.“
EBT განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ადამიანურ ფაქტორს, რომელიც ავიაციაში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად მიიჩნევა. გადაწყვეტილების მიღება, სტრესის მართვა, ეფექტური კომუნიკაცია და სიტუაციური ცნობიერება — ეს ის კრიტიკული უნარებია, რომელთა განვითარებაზეც ტრენინგის ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება. აღნიშნული პრაქტიკა მფრინავებს აძლევს საშუალებას, მიიღონ სიტუაციურად მოქნილი გადაწყვეტილებები.
Evidence-Based Training თანამედროვე ავიაციის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტად არის მიჩნეული, რომელიც აერთიანებს მონაცემებზე დაფუძნებულ ანალიზს, ადამიანის ფაქტორის მართვასა და პრაქტიკულ გამოცდილებას. ავიაკომპანია Geosky-ის მიერ აღნიშნული სისტემის დანერგვა კიდევ ერთხელ ადასტურებს ავიაკომპანიის ერთგულებას უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტებისადმი და მის პოზიციონირებას როგორც პროგრესულ, საერთაშორისო პრაქტიკებთან სრულ შესაბამისობაში მყოფ ავიაკომპანიად.