საქართველოს წამყვანმა სატვირთო ავიაკომპანია Geosky-მ ფლოტი კიდევ ერთი თანამედროვე საჰაერო ხომალდით გააფართოვა. ავიაკომპანიის ფლოტს რიგით მესამე Boeing 767-300 ტიპის ახალი სატვირთო საჰაერო ხომალდი შეემატა, სარეგისტრაციო ნომრით 4L-GED.
Geosky 2017 წლიდან უწყვეტად ახორციელებს საერთაშორისო სატვირთო ფრენებს და ოპერირებს ევროპისა და აზიის ავიამიმართულებებით. ავიაკომპანია უზრუნველყოფს ყველა კატეგორიის ტვირთის ავიაგადაზიდვებს, მათ შორის: სტანდარტული, მძიმე, არაგაბარიტული, სახიფათო და ჰუმანიტარული ტვირთების ტრანსპორტირებას.
ახალი Boeing 767-300-ის მაქსიმალური სატვირთო ტევადობა შეადგენს 56.5 ტონას, რაც მნიშვნელოვნად ზრდის Geosky-ს ოპერაციულ შესაძლებლობებს და გლობალურ ბაზარზე კონკურენტუნარიანობას.
ავიაკომპანიის ოფიციალური განცხადებით ,,რიგით მესამე Boeing 767-300-ის ტიპის სატვირთო საჰაერო ხომალდის ფლოტში დამატება Geosky-ს განვითარებაში წარმოადგენს სტრატეგიულ ნაბიჯს, რომელიც მომავლისკენ მიმართული ხედვის ნაწილია. ჩვენ მუდმივად ვითარდებით, ვნერგავთ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ოპერაციულ ინოვაციებს, რათა გლობალურ ლოგისტიკურ ქსელში მოვახდინოთ უფრო სწრაფი, მოქნილი და მაღალი შესაძლებლობების ავიაგადაზიდვები.
ჩვენი გუნდი მუდმივად მუშაობს პროცესების გაუმჯობესებაზე, ეფექტურობის ზრდასა და ახალი შესაძლებლობების ათვისებაზე. Geosky მომავალშიც გააგრძელებს პროგრესს, რათა საერთაშორისო ბაზარზე დარჩეს სანდო და საიმედო ავიაპარტნიორი.“